დიანა ანფიმიადი – წესები ფეხით მოსიარულეთათვის და სხვა

 

წესები ფეხით მოსიარულეთათვის

1) არ მოისმინო
საკუთარი ნაბიჯის რიტმი,
შეიძლება აგიყოლიოს.
2) ბუდას მეწამულ შესამოსელს
არ მოუხდება
შენი თეთრი ბოტასის კვალი.
3) თუკი კვერცხებს დებს
შენი ქოხი ქათმის ფეხებზე
– არ გაიკვირვო.
4) არ დაელოდო
მწვანის ანთებას,
დე, მანქანები შემოგატყდნენ,
როგორც ფრჩხილები.
5) მარჯვნივ იარე
რადგან მარცხნივ
მკვდრები მოდიან
6) არ გაბოროტდე,
როცა ქუჩა წინ გადაგასწრებს.
7) არც ბაყაყების კოცნა არ ღირს –
ყველა ბაყაყი მარადმწვანეა.
8) ვინც გვერდით მოგდევს,
ნურასოდეს აუწყობ
ნაბიჯს.
9) რომ გადადიხარ,
დაივარცხნე თმა,
შეიღებე ტუჩები,
გაისწორე მუხლთან წინდები,
ამ დროს
არცერთი მანქანა არ დაგეჯახება.
10) დაიმახსოვრე,
შუქნიშნები არ არსებობენ.
10) სხვებმა იარონ,
შენ გაჩერდი,
იარონ სხვებმა.

ლოცვა ბანაობის წინ

ჩემი ექვსი შვილის
ოცდათექვსმეტი შვილიშვილის
ათასორას ოთხმოცდათქვსმეტი შვილთაშვილი
მადლობას გიხდის შენ,
ვისი კანიც უფრო მეტია
ვიდრე ამქვეყნად ყველა ფურცელი,
ვისი სხეულიც უფრო ფართოა
ვიდრე ამ ქვეყნად ყველა სამარე
და ეს ხალებიც ვის გლუვ კანზეც-
ჩიტის კვერცხების უძველესი დამწერლობაა.
მადლობა თბილი ნაკადისთვის
თბილი ქვებისთვის,
ორთქლის რძიანი ღრუბლებისთვის
აბაზანის ფარდების მიღმა
ქაფის ქათქათა ტალღებისთვის
აბაზანის თეთრ ნაპირებთან.

ქვები მოაქციე მწყრის კვერცხებად
ხორბლის თბილ ყანაში დააბუდე
ქაფი წიწილების წინდებისთვის
დავართე და ისევ დამებურდა,
რადგან ყოველდილით ქალწული ვარ
რადგან ყოველ ჯერზე დედა ვხდები,
კანზე ცისარტყელის ანარეკლი –
კვალი შეხებების – შეთანხმება

ისევ ძალაშია:

რადგან ერთი შვილი
მაშინ ერთი ლექსი
თუკი ერთი ლექსი
მაშინ ერთი შვილი

ავდგები და ისევ გავაშვილებ.

ორთქლში ყვავილივით გაიშალა
საპნის უნაზესი მორჩი
ბოდიში სახადივით მოვიხადე
კიდევ ერთი ჩვილი ჩავისახე.
ტანზე ცხელი წყალი გადავივლე
და ახლა უკეთ ვარ,
მოვრჩი.

ჰიპნოზი

მძიმე სახადივით შემიბრუნდა
სიზმარი – დილის ძილი.
რძეში ჩამტვრეული ორცხობილა
მკლავები დალეწილი.
ფერი -მოვარდისფრო
გემო მკვეთრი,
სუნი დარიჩინი,
ილი.
ეს ლექსი – მუსიკა – არაფერი
ბანზე ფარდაგების გადაფენა
განა გასაშრობად,
ისე,
ისე გვიან ხდება ყველაფერი
თითქოსდა უდროოდ მოსული ვარ
ჩემი უადგილო ემოცია
როგორც საშოსგარე ორსულობა.
მიცდი.
ერთი მდინარეა გასაცური
ერთი მთის ბილიკი გასავლელი –
ფსკერზე ქვირითობენ ქვები,
მე კი ვტირი ისე მეცინება
მე კი ვკვდები ისე მეძინება
ისე ცოცხალი ვარ, ვკვდები.

რიტუალის ქრონიკები, ერთი დღე

ბებიას
I დილა

ჩემი ხმა სახლთან ამოყლორტილ ხმაურის ხეზე
შავი ლეღვივით მიმწიფდება და მეხლიჩება.
ბებია მოკვდა.
( ჩემს პატარას ვუმზადებ წვნიანს,
– ფრთხილად, ცხელია,
მივაწოდე კოვზი – ნიჩაბი)

წვნიანის ფსკერზე
ვერცხლის კოვზით დაკაკუნება
მშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარს ხსნის
დილით მიირთვეს საკუთარი თმა – ფრჩხილ – ნუნები
ხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს.

არ შია, თეფშში მაკარონის გველთევზებს დასდევს
ხახვის მედუზებს… კარტოფილის კუნძულ მეჩეჩებს,
(ვხედავ,
ბებიას ვარდისფერი აცვია კაბა
და თავსაფრიდან ჭაღარა თმა გამოეჩეჩა).

წვნიანის ფსკერზე
ვერცხლის კოვზით დაკაკუნება
მშიერი მკვდრების სასადილო ოთახის კარსხსნის
დილით მიირთვეს საკუთარი თმა – ფრჩხილ – ნუნები
ხოლო სადილად აყოლებენ კუნთებს და სახსრებს.

II პროცესია

აღარ გეტევა საკუთარი ფეხსაცმელები –
არ გაქვს პირობა
არც საკლები
აღარც მაკლები,
ჩქარობ გაქცევას,
გასაქცევად ძალიან ჩქარობ
ქალაქის ყველა შუქნიშანზე
წითლის დაკრეფას.

პერანგი თბილი ხელისგულით გაგიუთოვე,
სხეული მიწას,
სული უფალს ხმას ვის უტოვებ?

III
ბოლოს

გააღე კარი
ნუღარ დაკეტავ
წყალი – დაძმარდა,
პური – დაკუტდა.

ომი

I
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.
 
II
კარის მეზობლის კარზე – დაფაზე
მაგალითი გამოვიყვანე –
კუბური ფესვი მცენარიდან
და ფეხები რბენის ხარისხში,
არ მაქვს სამშობლო.
 
III
მე მკვდარი ზღვა ვარ
აქ მარილიც ისე მკვდარია
ენის წვერიც ვეღარ აცოცხლებს
და ვეღარც ორი შესართავი
სირდარია
ამუდარია –
მკერდი, რომელიც უნდა გეწოვა.
 
არ მაქვს სამშობლო.
 
IV
ნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ,
არ მსურს და ყურებს
თითებით ვიცობ,
ხმით გაჩენილს ვიხშობ იარებს
არ მაქვს სამშობლო
და სიყვარულს არა აქვს აზრი
და ალბათ ზღვაში ვიმშობიარებ.
 
V
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.

 

გლობალური დათბობის შედეგები

ავდგეთ და დავრჩეთ!
ისინი კი ადგნენ, წავიდნენ,
მერე რა, თუკი
ჩვენი მყუდრო საწოლის ნაცვლად
ჯოჯოები და ბაყაყები უდუღთ ჭაობებს
ჭურჭლის ძვირფასი მინანქარი –
შენი სახის ფაქიზი წყობა
ამ უცნაური ნესტისაგან
სულ მთლად დაობდა,
მერე რა,
თუკი მწვერვალებიც მთლიანად დადნა
ძვირფასო,
რა გვეჯომოლუნგმება,
ან რა თუ ისევ უღმერთოდ გშია-
გამხმარ ხახაში არ გადადგის ხმელი საგზალი –
ტორფიანი მიწის ლუკმები,
ხანგრძლივი კოცნით შევაერთოთ ჩვენი ენები –
საერთო ენა გამოვნახოთ
იქნებ როგორმე,
და ყველა დროდან მხოლოდ ერთი –
ეს დრო დავტოვოთ –
წამი – ქვას ფეხი წაჰკარი და
ჩემთან მოგორდა,
დავრჩეთ, მერე რა,
თუ ნაპირი წაშალა წყალმა,
ჩვენ მოვიგონებთ ყველგანმავალ ახალ ხომალდებს,
იქ კოალები ევკალიპტის ფოთლებს ღეჭავენ
აქ შევამოწმოთ –
ჩვენი წერო კვერცხებს ხომ არ დებს,
მოდი რა, დავრჩეთ,
მერე რა, რომ სამოსი არ გვაქვს,
რაც დაგვრჩა – ისიც დაძონძილი,
გამოხეული,
გადავივიწყოთ ერთმანეთი –
შენ მე
და
მე შენ
სამაგიეროდ შეგვმოსავენ ნათლის სხეულით,
მერე მე,
ფრთხილი შეხებით და ხელის ცეცებით
(მანამდე ფეხებს დავიბან და ცეცხლში გავიშრობ)
ვიწრო ნაპრალში შემოვძვრები –
ცოტა გეტკინოს
ფორტეპიანოს დავუბრუნებ ნაკლულ კლავიშებს,
მერე მოიწყენ,
ადგება და სველ თიხად დაგშლის,
და თიხის სველი ნამცხვარი ხარ
იმის სუფრაზე,
როდესაც შეგჭამს,
დააყოლებს მარტორქის ცხელ რძეს
დაყრილ ნამცეცებს
ენით კარგად მოასუფთავებს.

ბარაქიანად დანაყრდება და მერე იტყვის:

“გაქრნენ მხეცები და ყოველი პირუტყვი ქვეყნისა გვარისაებრ
და ყოველი ფრთოსანი ფრინველი
და ქვეწარმავალნი ქვეყნისა მათი გვარისაებრ
და ორი დიდი მნათობი დღისა და ღამის გასანათებლად
– მზე და მთვარე და ვარსკვლავები
და მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი
და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღებელი
და წყალი ცის ქვეშ ერთ საკრებელში
და ხმელეთი
და ცა და მიწა
და ღამე და დღე
და ნათელი . . .”

შუქს რომ ჩააქრობს,
წამოწვება რკინის საწოლზე,
ააფუმფულებს ფერად ბალიშს –
თავქვეშ დაიდებს,
და დაიძინებს
დაქანცული ბავშვივით ტკბილად
რომ ხვალ დილიდან
წამოდგეს და შექმნას თავიდან.

ავდგეთ და დავრჩეთ
ისინი კი ადგნენ, წავიდნენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s