ნეა ასათიანი – თქვენ არ გტკივათ

თქვენ არ გტკივათ

გასაოცარი რამეა,
რამდენს ფიქრობთ ადამიანები საკუთარ თავზე
და რამდენად არ გაინტერესებთ სხვა.
მაშინაც კი, როცა ვიღაც გარდაგეცვლებათ,
მოთქვამთ – “აწი მე რა მეშველებაო.”
სხვისი ტრაგედიის დროსაც კი საკუთარ თავზე ფიქრობთ
და ნეტავ იცოდეთ, რა საზარელი საყურებელია ეს სურათი ჩემი თვალებით.
სულ: “მე მე მე მე მე მე.”
მოდი გულახდილად ვისაუბროთ,
გსმენიათ ნამდვილ ტკივილზე რამე?
ისეთზე არა, მორიგი ადამიანი რომ მიგატოვებთ
და (თითქოს) გული გტკივათ,
არც ისეთზე, თითს რომ გაიჭრით
და სისხლი მოგდით.
ნამდვილ ტკივილზეა საუბარი.
როცა სხვისი ცუდად ყოფნა გტკივა,
როცა სხვისი აზრები გაწუხებს და არა შენი,
როცა ის სხვა ცუდადაა,
შენ კი უბრალოდ ადგილს ვერ პოულობ.
ერთეულებს თუ სმენია ასეთ ტკივილზე რამე,
ერთეულებს თუ უგრძვნიათ.
პარანორმალურ დონემდე ეგოისტები ხართ ადამიანები,
ყველგან სარკეებს ხედავთ,
ყველგან საკუთარ თავს უყურებთ.
მე ამაყი ვარ იმით,
რომ ჩემი ცუდად ყოფნა ბინდგადაკრულია
და სხვის ცუდად ყოფნას მთელი არსებით ვგრძნობ.
ბევრი არაფერი,
უბრალოდ ტკივილი ისაა,
როცა სხვისი ცრემლები გდის თვალებიდან.

ჩვენ ვერ ვხედავთ მზეს

ჩვენ ვერ ვხედავთ მზეს,
ჩვენ ვხედავთ იმ ადგილს ცაში,
სადაც იგი იყო რვა წუთის წინ.
სინამდვილეში, მზემ უკვე რვა წუთის წინ ჩაყვინთა ჰორიზონტში,
მაგრამ მის ჩასვლას ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ.
სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ არა მთვარეს,
არამედ ღამის ცის იმ ადგილს, სადაც იგი ორი წამის წინ იყო.
სინამდვილეში, ვარსკვლავების უმრავლესობა აღარ არსებობს.
უნდა შევეგუოთ იმას, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე ჩამქრალია,
ჩვენ კი ვხედავთ მხოლოდ მათ სინათლეს…
ცაში ყურებისას, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ წარსულს.
ჩვენ ვხედავთ გალაქტიკების სულებს…
როდესაც ჩვენი მზე ჩაქრება,
მას ჩვენ მხოლოდ რვა წუთში შევიტყობთ.
და თუ იგი ღამე ჩაქრა, სავსე მთვარის დროს,
ჩვენ ამას რვა წუთში და ოთხ წამში გავიგებთ.
როგორ ჰგვანან ადამიანები ციურ სხეულებს – რა შეუმჩნევლად ქრებიან,
ჩვენ კი, სულელებს, გვგონია, რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენთან არიან.
მზე ჩაქრება,
მე კი მოვასწრებ ერთი ღერი სიგარეტის მოწევას,
სანამ ამას შევიტყობ.
შემდეგ კი ჩამქრალი ვარსკვლავების სამყაროში,
უკუნითი სიბნელე ჩამოწვება.
მაგრამ კიდევ მილიარდი წლის შემდეგ,
ჩვენი მზე იქნება ვარსვლავი ვიღაცის ცაში.
ვიღაცის ცაში, ოღონდ ჩვენსაში არა..
***

მე არ ვიცი რა არის თანაგრძნობა.
არ მესმის, რატომ გეუბნებით “ვიზიარებ”-ს, როცა მეათასედადაც ვერ ვიზიარებ იმას, რასაც გრძნობთ.
არ მესმის, რატომ გეუბნებით ” მადლობა”-ს, როცა სამადლობელო არაფერი გაგიკეთებიათ.
არ მესმის, რატომ გიხდით ბოდიშს, როცა ვიცი, რომ მარსის ორბიტამდე მართალი ვარ.
გელოლიავებით -> თქვენ მენდობით -> მე ამას ვიყენებ.
და
მე რომ ნამდვილი გავხდე, ერთი იოტი ადამიანი არ შემომრჩება ირგვლივ.
შეიძლება უკეთესიცაა.
მაგრამ თქვენ – თქვენ ისევ ვერაფერს ხედავთ.

ბრმები ხართ,
მე კი თვალებზე სქელ ნაჭერს გახვევთ.

***

ერთ დღესაც,
მე დავწერ წიგნს,
რომელსაც ქუჩის ბოლოს მდგარი ერთი საცოდავი სარედაქციო დაბეჭდავს.
იყიდის ამ წიგნს რომელიმე ღარიბი ადამიანი.
წაიკითხავს.
გვერდზე გადაიფურთხებს და ახლო-მახლო მდგარ ურნაში ჩააგდებს, ღრმად ჩაისუნთქავს, ფული რაში გადავყარეო, გაუკიდებს და წავა.
მეც იმ ურნასთან ვიდგები,
ნაგავში ჩაგდებულ ჩემს ნაბოდვარს ხელს ჩავავლებ და იგი ურნაზე უფრო მყრალი აღმოჩნდება.
ფერდაკარგული წიგნი დასვრილი იქნება იმ კაცის ჭუჭყიანი მეობით, მისი ყალბი შეხედულებებით, აზრებით.
დიახ.
მაშინ მე და წინგი ერთნი გავხდებით.
მაშინ მივხვდები, რომ მე უკვე ბევრ ეგზემპლარად ჩავუგდივარ ადამიანებს ურნაში.
მე წიგნი ვარ, წიგნი,
რომლის ყოველ ფურცელზე ჩემი სახეა გადახაზული.

***

მოდი ერთ დღეს შევხვდეთ,
და
ვისაუბროთ ისე, თითქოს პირველად გვესწავლოს ლაპარაკი,
გავიღიმოთ ისე, თითქოს აქამდე უკბილოები ვიყავით,
მოვწიოთ ისე, თითქოს პირველად ვურტყამდეთ ნაფაზებს,
ვისეირნოთ ისე, თითქოს პირველად ვდგამდეთ ნაბიჯებს,
შევხედოთ ცას ისე, თითქოს პირველად გამოვედით გარეთ,
და
მოვეხვიოთ ერთმანეთს ისე, (თითქოს) პირველად გვეგრძნოს რა არის სიყვარული.
ამასობაში ღამეც გაგვათენებს და
მზეს ვუყუროთ ისე, თითქოს მუდამ მიწისქვეშ გვეცხოვროს.

შენი ზღვისპირეთი

ზღვის პირას ვიდექი და ტალღები შენი მკლავებივით მეხვეოდნენ ფეხებზე.

მივყავდი სადღაც ბნელ მორევში, აუხსნელში, დასაკარგავში…

მზეს ვუყურებდი და შენ გხედავდი, ქარში ვიდექი და შენ გგრძნობდი.

მოიასამნისფრო ცას აეტირა, ჩემი შემხედვარე.

მე კი ვიცინოდი, დავცინოდი ჩემთავს თუ როგორი არარაობა ვიყავი იმ მომენტში.

ცისარტყელას რომ გავხედე შენი ღიმილი დავინახე.

ჯერ ღიმილი რა არის, და მერე შენი.

სადღაც ელვამ დაჰკრა და გუგუნში შენი გაბრაზება ამოვიცანი.

მზემ ჰორიზონტში ჩაყვინთა.

ქარიც ჩადგა.

ცისარტყელაც გაქრა,

რჩებოდა მარტო ელვა, ქუხილი…

ზღვის პირას ვიდექი.

მახსენდებოდა შენი ღიმილი.

ღიმილი, რომლითაც მე იმ ღამით მაჯებზე ვენები გადავიჩეხე.

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s