ჩარლზ ბუკოვსკი – დიდი ღამე ქალაქში

დიდი ღამე ქალაქში

მთვრალი ქალაქის ბნელ ქუჩებში,
ღამე,
გზის აბნევა,
საითაა შენი სახლი,
შედიხარ ბარში, რათა იპოვო შენი თავი,
წყლიან სკოჩს უკვეთავ,
ბარში სინესტეა,
ნესტით იჟღინთება ერთ-ერთი სახელო,
ნაძირალები – სკოჩი სუსტია,
ლუდს უკვეთავ,
ქალბატონი სიკვდილი კი გიახლოვდება, აცვია კაბა,
ჯდება შენს გვერდით,
ლუდს უკვეთავ – ამჯერად მისთვის,
მას ხომ ჭაობის სუნი ასდის,
შენს მუხლს ეხება თავისი მუხლით,
ბარმენს ეღიმება,
შენ მას აიძულე, აღელვებულიყო,
რადგან არ იცის, ვინ ხარ,
პოლიციელი თუ მკვლელი, შეშლილი თუ იდიოტი,
უკვეთავ არაყს,
არაყს ასხამ ლუდის კათხაში.

ღამის პირველი საათია,
შენ ეკითხები, რა ეღირება მისი თავი,
სვამ ჭიქებში ჩარჩენილ წვეთებს,
ცუდი გემო, საავტომობილო ზეთის გემო,
ემშვიდობები ქალბატონ სიკვდილს,
ემშვიდობები ბარმენს.

შენ გაგახსენდა, საითაა შენი ოთახი,
ოთახი ღვინით სავსე ბოთლით საპირფარეშოს მაგიდაზე,
ოთახი მოცეკვავე ტარაკანებით.

სრულყოფილება ვარსკვლავებს შორის,
სადაც მოკვდა სიყვარული.

ლუდის ბოთლი

მოხდა სასწაული:
ლუდის ბოთლი, მაგიდიდან გადმოვარდნილი,
იატაკზე დაბზრიალდა
და დადგა წაღმა –
ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,
ერთი წვეთიც არ გადმოღვრილა.
დავაბრუნე მაგიდაზე
და დაველოდე ქაფის დაწრეტას.
სამაგიეროდ, იმდღევანდელმა ფოტოებმა არ ივარგეს,
მარცხენა ბათინკიც იმ დღეს გამოირღვა,
და ეს არცაა გასაკვირი:
ჩვენ არ შეგვიძლია
ერთდროულად ყველაფერი მოვთხოვოთ ცხოვრებას,
არსებობენ კანონები,
რომელთა შესახებ არაფერი ვიცით
და არაა ჩვენი განსასჯელი,
თუ რატომ აღმოჩნდა იმ კატის კლანჭებში
სწორედ ის შაშვი.
უბედურებაც ამაშია –
ჩვენ არასდროს არ ვიცით “რატომ”,
მაგრამ რამხელა ამბავია –
ბოთლი ისევ გაიმართა და დადგა წაღმა,
ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,
მეტს რაღას ითხოვ ცხოვრებისგან?
რა საჭიროა ისიც ვიცოდე,
თუ რატომ აღარ დავლიე ლუდი.
დავლიე ღვინო, დავლიე ვისკი,
ლუდი კი – აღარ.
და მომეჩვენა, რომ მექნება კარგი საღამო
და, ვინ იცის, იქნებ ხვალიდან
ცხვირი დამიგრძელდეს,
ძველი ბათინკები ახლებმა შეცვალონ,
წვიმები გაიშვიათდნენ,
ლექსები გახშირდნენ…

თანამგზავრი

მე არ ვარ მარტო.
ის ახლა აქაა.
ზოგჯერ მგონია, რომ არაა,
მაგრამ ისევ
მოფრინავს დილით,
ან შუადღით,
ან საღამოს,
ჩიტი, რომელიც არავის უნდა.
ის ჩემია.
მე ის მტკივა.
ის არ მღერის.
ის არის ჩიტი
და ტოტი ირწევა.

დევნა

3 ბიჭუნა მორბის ჩემსკენ
სასტვენებით პირში, და
უსტვენენ, და
მიყვირიან:
“შენ ხარ დაპატიმრებული!”
“შენ ხარ მთვრალი!”
და სათამაშო ხელკეტებს
მირტყამენ ფეხებში.
ერთ-ერთ მათგანს
მედალიონიც უმშვენებს პერანგს,
მეორე ცდილობს წამომაცვას სათამაშო ბორკილები,
მაგრამ ჩემი ხელები მაღლაა…

როცა შევვარდი ღვინის ფარდულში,
ისინი შემეშვნენ,
გაბზუილდნენ
სკაში არშეშვებული ფუტკრების მსგავსად.
მე ავიღე 1/5 გალონი
ვისკი
და
3
ყინულის ფილა.

თუ შეიძლება, ვიტყვი

ჯოჯოხეთი შენდება
ნაწილ ნაწილ
აგურ აგურ
შენს გარშემო
ეს ხდება თანდათან
და არა
უცებ

ჩვენ ვაშენებთ
ჩვენს საკუთარ
ჯოჯოხეთებს
ბრალს ვდებთ ყველას
ვინც ჩვენ არ ვართ
მაგრამ ყველა ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთია

ამქვეყნიური ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთია

ჩემი და თქვენი ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთია
ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთია

ჯოჯოხეთი სიმღერა და ჯოჯოხეთია

ყოველ დილით
ბათინკებზე თასმების შეკვრა
ჯოჯოხეთია

ლუდის სმისას

მე მას შევხვდი ლუდის ბარში, და მან
მითხრა: “მე ხშირად ვიხსენებ
დეიდა სალის ბოსტონიდან: კბილებს
არასდროს იხეხავდა, არასდროს ხმარობდა
ბიგუდებს და დანებს და ჩანგლებს. ერთხელ კი სამი კატა მიაბა
საუთოვე მაგიდაზე,
ენები წააჭრა,
მოხარშა ძმარში,
დაუმატა მაიონეზი
და შეჭამა.
შემდეგ მატარებლით გაემგზავრა ტრენტონისკენ
და მისთხოვდა ბებერ ბანკირს, რომელიც თევზს ჰგავდა.
ის ტაძარში არ დადიოდა”.
– “არ მატყუებ?” – შევეკითხე. – “არა, არ გატყუებ”.
– “და მან შეჭამა სამივე კატა?”
– “არა,” – მიპასუხა, – “მაინც ვერ გამიგე;
მან შეჭამა მხოლოდ ენები”.

მოქაჩე თოკი და თოჯინა ამოძრავდება

ყველას უნდა ესმოდეს,
რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს,
კატა, ქალი, სამსახური,
წინა საბურავი,
საწოლი, კედელი, ოთახი.
ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია,
სიყვარულის ჩათვლით,
დგას ნაყარ მიწაზე
და ნებისმიერ მიზეზს –
სულერთია, რამდენად განუზოგადებელს –
ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს
სადღაც, ჰონკონგში,
ან ქარიშხალს ომაჰამაში,
შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა:
რაც მსხვრევადია თქვენს გარშემო,
ყველაფერი ჩამოილეწა
და აფეთქდა სამზარეულოს იატაკზე –
მეგობარი გოგო შემორბის,
თქვენ კი დგახართ, მთვრალი, ნამსხვრევებში,
ის შემოგკივით: რა ხდება? რა ხდება?
თქვენ კი ჩურჩულებთ: არ ვიცი,
არ ვიცი…

ომი

ომი, ომი, ომი,
ყვითელი ურჩხული,
მშთანთქმელი ტვინის
და სხეულის.
ომი,
აუწერელი,
შეშლილების
განცხრომა,
ვერდაკაცებული მამაკაცების
ბოლო არგუმენტი.
რა უნდა მას?
რა გვინდა ჩვენ?
მიახლოება
უკანასკნელი შესაძლებლობის
უკანასკნელ გაელვებასთან.
აი, დარჩა ერთი ყვავილი.
აი, დარჩა ერთი წამი.
აი, ახლა კი ასე ისუნთქეთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s