კარლო კაჭარავა – ლექსები

***
ჩვენ ორივეს გვიყვარდა ძველი სენტიმენტალური ზღვა,

პიონები თუ კიდევ რაღაც მანერული –

ის, რაც თან გვახლდა

და ხშირად გვეცინებოდა.

უკვე ესეც მორჩა

ნებაშეწყვეტილი

ვიხსენებ შენს დღეებს

ვოცნებობ მკვლელობაზე,

როგორც ხიდი ღამით

შენს ფეხებქვეშ

და პირქუში მდინარე

სიზმარში მერამდენედ ვკბენ

შენს ბავშვობადაკარგულ მკერდს

ვიპარავ და ლიფტში ვაგდებ

შენს ფეხსაცმელებს

ხელს ვაფარებ შენს ღიმილს

და ტირილს ვიწყებ.

17. III. 87

ერთი თვით ადრე

პური, ანგელოზი, თანხლება.
გრძელი მშვიდობიანი წვიმები.
წერილები, ისევ სიზმრები.
შემოდგომა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო სადღაც ფინეთში.
ზღვები, რომლებსაც შენ იხსენებ ღამით დასაძინებლად წასვლის წინ.
თეთრი კონვერტი.
მარკა: სინიორელის პორტრეტით.
მწუხარეა არა შეტყობინება,
ან მისი მიღება განშორების, ვეღარ შეხვედრის შიშით.
არამედ სხვა: სადღაც არყოფნა
და შეგუების წყნარი სიხარული.
ნავსადგური,
სანაპიროზე წყნარი ხეტიალისას
ის არ ფიქრობს.
ფრინველები. წვიმები.
ხსოვნაში არ არსებობს განურჩევლობა.

1987
კალუგა, ახლებენინო, საავადმყოფო

***
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეების მიღმა
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე თავიდან მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა, გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო წიგნი ყდაგაცვეთილი.
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით, ღალატით,
როგორც ცხოვრების წესით, ერთმანეთის სიბრალულით,
სიცივეში ჩაის სმით. საცხოვრებლებში დაფანტულნი ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს.
სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ, თითქოს უბოროტო შურისძიებით.

აგვისტო, 1989

გარდაცვალების წინ

ჩემეული ხილვები: გამოგონილი ან ხილული
მევე დავკარგე ჩემივ იერი,
უამრავი ლექსი კვდება ჩემში.

მკვდარი ლექსების სახლი.
აი, დაკარგული იერიც
ავადმყოფობის ფრთებით,
რომლებითაც თავს იცავს სიცივეში მხოლოდ.

ჰე, ყოვლისმხსომო, მომაკვდინებელო,
ყვითლად შეფერილი საყელოთი ამკობ უპოვართ
და კიდევ გულისპირზე სისხლის მუქი ლაქებით.
ჩვენ არ ვიფიქრებთ მხოლოდ ნატვრაში განკურნებას.

ძლევამოსილება უსაგნო სამყაროსი;
ჩვენი დანგრეულია სახლი.

სიცივეში ხელები ემსგავსება წაყინულ ტოტებს.
მზერაში კვდება უამრავი ვარსკვლავი.

მე არ ვამკობ სახლს იმედგაცრუებით,
არც ვეძიებ იერს დაკარგულს ჩემსას.
ყრუ ვარდისფერი ავხორცობაა და დანაშაული
შავი სხივადქცეული არწივის ფრთები
ვერხილული.
ვარსკვლავადქცეული გული.
ვერვინ იხსომებს ჩემს იერს წარმავალს.

***
კარები, რომელიც მხოლოდ ხმაურით იკეტება.
საბრალო მუსიკოსია პატარა კომისარი.
თმებს გაზზე იმშრალებს. გაღიმებული სიგარეტს ეწევა.
რელიგიურობა ჩემთვის კარგი ცხოვრების სიპტომია,
სიღარიბე ასტრალური სიმბოლო.
მე დავტოვე პატარა საწოლში დიდი ქალი.
მე ვნახე მთვარის ღიმილი ქარში მქროლავი,
შეშლილი პიერო სატვირთო ვაგონის თავზე
და გუბე რკინიგზასთან, რომელშიც ვაგონთა
ცარცით დაწერილი ნომრები ირეკლება.
ჩვენში ის კულტურაც არ არსებობს,
რომლის კონტრკულტურამაც უნდა იარსებოს.

1987წ.

***

ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში
მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,
გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო
წიგნი ყდაგაცვეთილი
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.
ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.
საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,
სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ
ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ
თითქოს უბოროტო შურისძიებით.

აგვისტო 1989 წ.

***

დიდი ხნის მერე შენი გამოსახულება მთვარესთან ერთად
აირეკლა სარკმლის სარკეში, უწინ და მიღმა სახლთან მდგომი
ნაძვის და რადიოპიესის, რომელიც თოვასთან ერთად ისმოდა.
შენ ვაჟს სიყმაწვილეში არჩევანის უფლება ჰქონდა.
ჩაძინებული ყოველ ღამეს ხედავადა ქარავანს, რომლის მეგზურნიც
აქლემებზე მოთავსებულ სიზმრებს სთავაზობდნენ.
და ის ირჩევდა სასურველს ან საინტერესოს.
მატარებელში მძინარეს ქარავანი არც მაშინ ახსოვს.
შენ უფლება გქონდა მატარებლებში უფასო მგზავრობის
60-იანი წლების ერთი ავტოკატასტროფა კულინარული
ან ჰიგიენური საოჯახო წიგნების ნახატებს ჰგავდა.
მე მელოტი და შეძლებული მოქალაქე ვიყავი დახატული,
ბრიყვულად კმაყოფილი ღიმილით და სადღაც
კლდეებში გადავარდნილი ავტობუსიდან მხიარული ტურისტები ამოყავდათ.
ეს ღიმილი არ მშორდებოდა.
“დაზარალებულნიც” კარუსელიდან ჩამოსულებს ჰგავდნენ.
მხოლოდ გარემო დროდადრო შემზარავად იცვლიდა იერს
ისიც ჩვენს შიშში.
ყველანი ერთად ვერც ვხედავდით ამგვარ ცვლილებას
რადგან ორივე მართალი იყო.
მე თვალების დახუჭვა მომინდა, მაგრამ სიზმრები მომიწამლეს.
როგორ წამლავენ სიზმრებს ?
წარმოვიდგინე ცოცხალი არსების ქსოვილთა თუ ნერვთა შეკრთომა
უეცარი მტკივნეული შევიწროება.
ეს თოვლიანი სახლები მარადიული სამყაროაო –
ტოლსტოიმ თქვა და ასეც იყო.
სიზმრების მოწამლვა ჩემს მომწამლავს ნიშნავს
სიზმრების უწინარეს თუ სიზმრის შემდეგ ?
თუ რაიმე სურათს მხატვარი ნაწილობრივ გადაწერს –
თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერადოვანი ზონებით,
რომლებითაც ის მანამ მოთავსებულ გამოსახულებებს
შეავიწროებს.
კლინიკური შემთხვევაა.-
სიზმრის მოწამლვის საკმაოდ ზუსტი ხატია
ჩემს სიზმრებში ამ ბოლო ჟამს მხოლოდ უინტერესო
უღიმღამო ქალებმა და შეუხედავმა ბავშვებმა დაისადგურეს.
ძველი ორთქლმავალი, ლუის კეროლის ცხვრის თანამგზავრით
სუფთა დერვიშით ვარიეტეს მოცეკვავე ქალის ჩანთაში
და პატარა სასაცილო ხიდებს ქვეშ ჯუჯა მდინარეებით
იქ არ არის.
მოწამლვის ეს ბიოლოგიური ხატი დაკარგულ
სატრფოებზე ნოსტალგია იყო.

1989 წ.

***
და სხვაგან, შემოსილი ვარსვლავთ სიწყნარით
ან მოღიმარი, თანამგზავრი ჩუმი ნიავის –
გვიხმობდა ბავშვი, უსუსური და მაღალი ტანით
ნეტა არ ვნახოთ ის მზერანატკენი,
ჩვენი სიავით.
ნუღა ვიხილოთ ის მზერანატკენი ჩვენი სიავით.

ოქროსფერ ბუჩქთან შემოსილი ვარსკვლათ სიწნარით,
ან მოღიმარი, თანამგზავრი ჩუმი ნიავის –
გვიხმობდა ბავშვი, უსუსური და მაღალი ტანით
ნუღა ვიხილოთ მზერანატკენი ის ჩვენ სიავით.
ნუღა ვიხილოთ ის მზერანატკენი ბოროტით, ავით.

ოქროსფერ ბუჩქთან შემოსილი ვარსკვლავთ სიწყნარით
ან მოღიმარი, თანამგზავრი ჩუმი ნიავის –
გვიხმობდა ბავშვი უსუსური და მაღალი ტანით
ო, ჩვენ აღარ გვსურს ის რომ ვიხილოთ მზერანატკენი
ისევ სიავით.

ძილის წინ
სხეულს ის სხვაგან მიჰყავს – სიზმარში მანქანას მართავს –
დასავლეთისკენ გამგზავრებისას –
ბევრად აღმატებული საკუთარ ბუნებრიობას
ვით ვიქტორიანული ზღაპრის მაღალი აქლემები
მათში ნაგულისხმევი ეგზოტიკური განცდით
სამყაროს ყველა მხარის
და განთითოების – ჭეშმარიტ შესაკრებელთა
აღორძინებისათვის.
ხოლო ჩვენ მის მანქანაში ვთვლემთ
ნაზ გზათა ქვემოთ უფსკრულები იმალება
და ურთიერთში სურვილთაგან განთავისუფლება
მგზავრობის ავზნიანი შინაარსისგან –
რადგან შეხედულებისამებრ ვცვლით ღამეს
მოუხელთებელ დღის დროთა დასამკვიდრებლად
საგანთა სახვევების ინტიმური იერის შესაქმნელად
გაუცხოების გაუცხოებით,
სადღაც კარავში უშნოდ ნათამაშევი გულგრილობით
საკურთხევლით, რომელზეც უამრავი ნივთი ჰკიდია:
მათი სახე რწმენის სხვადასხვა იერს ჰქმნის
და ცივ სარკმელთან,
სარკმელთან, რომელთანაც ის მაშინ იდგა
უწინდელი და გულაჩუყებული
ჩვენი მგზავრობა –
სხვა და საშიში
აღარ ახსოვდა.

21.08.86.

ქარხანა ჩვენს მიღმა
ამ და სხვა გაცილებათა შორის,
რომელიღაც ქარხანა დაგვრჩა წვიმაში.
მიღმა ალერსის, შიშის და ერთად წოლის,
როგორც უცნობი – დავიწყებულ სიზმარში.

იმრე ამოსის სხვა სურათს ჰგავდა
იერსაშიში, ყრუ, თვალღიად მიტოვებული,
იმ დღეს სარკმლებით წვიმის წყალს სვამდა
გარდაცვლილ მუშათა სევდიანი გულით

მუშათა ბავშვებს ნისლში მიჰქონდათ
ღარიბი სიმღერა და სველი პური
და ყველაზე წინ რომელიც მირბოდა
კვდებოდა ხელებში ქაღალდის ფულით.

ჩვენ კი ვიწექით და ერთმანეთში გვეწყო ენები.
ჩონჩხებათქცეულთ ყველა გზის მიღმა.
სევდიანი და დაბნეული გრძელი ხელებით,
ვიღაც ქარხნის კვამლით ვარსკვლავებს ჰგვიდა.

1991 წ. კიოლნი
იქნებ (“ღარიბი სიზმრები”)

შენ წერ არეულად, მხოლოდ წერ, შენ არ იცი რაზე მიამბო.
გინდა სადღაც წავიდეთ, შენ არ იცი – საით.
გინდა ვიოცნებოთ, შენ არ უწყი – რის შესახებ.
გინდა უყვარდე – ვის ? შენ არ უწყი.
შენ ნატრობ მშვიდად ყოფნას თავგადასავლებში.
შენ მოგწონს სიტყვა “სულთანი”,
მერე ამბობ – “აბსურდული სულთანი”.
ის, ვინც საერთოდ არ ჰგავს სიტყვას.
თითქოს გული მიგდის: წერილები არ ჩანს.
მაგრამ რა შეუძლიათ წერილებს, შენ ხომ იქ არ ხარ.
შენ იმეორებ “აბსურდული სულთანი”.
იქნებ ოცნებაა ქალებზე ? ან იქნებ შიში,
ან სიცილი; რაზე ? – შენ ისევ არ უწყი.
აქ შენ ყველაფერი გძაგს.
ცდილობ შეშლილს ჰგავდე და გეშინია.
აქ დრო არ გადის.
თუმცა ყოველდღე ყვავილებს პარავენ ერთმანეთს.
შენ ბევრ ჩაის სვამ.
სამი დღე ვეღარ გააღწიე მაღაზიაში.
წიგნებს ვეღარ კითხულობ.
აქ არ საუბრობენ, მხოლოდ ლაპარაკობენ.
შენ აქედან წასვლა გინდა,
პატარა მოხუცებს ვარდისფერი იერი აქვთ.
ისინიც არ ჰგვანან ღმერთებს, არც თოჯინებს.
შენ არაფერს კითხულობ, პასუხების არ გჯერა.
ისევ წერ და არაფრის მოყოლა არ გსურს –
შესაძლოა, არც შეგიძლია.
შენ ბევრს ეწევი და ისევ გულგახეთქილი ფიქრობ მაღაზიზე
იქ წასვლა თითქოს აკრძალეს.
სისულელეა !
მაგრამ შენ მაინც გეშინია,
სიზმრებს ვერ იმახსოვრებ.
დილით იმალები,
სადღაც მოუსმინე “Rainbow-ს”
გაგახსენდა ზაპპა, სხვა ქვეყნები, ღამეები და ხიდები ლენინგრადში.
შენ ისევ დაიწყე წერა,
რის შესახებ ? – უკვე არავინ უწყის.
საიდან დაიწყო ყოველივე, სად დასრულდება.
ნუთუ აქ დარჩება.
და იქნებ დაივიწყო კიდეც, როგორც ის სიზმრები. ალბათ არა,
შენ ალბათ განწირული გქვია,
თუმცა ძალიან გეშინია ამ სიტყვის.
საიდან საით ? იქნებ არა ?
ან რისთვის ? იქნებ არც ეს ?
შენ მაღაზიაში წასვლა გინდა,
შენ უნდა წახვიდე !

1987 წ. კალუგა, სოსენსკი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s