ალექსანდრე ბალაშოვი – ანგელოზთა ტექსტები

საპნის ოპერა

შენ ხედავ,
ღმერთმა შექმნა დედამიწა, რადგან
ანგელოზებს არ აქვთ ტელევიზორები

***

მხოლოდ მაშინ როცა ეს მოხდება
ზაფხული ცივი
ზაფხული წვიმიანი
როცა გაიზრდება ასეთი ყვავილები
გაფითრებული ბოზების მსგავსი
როგორიც უღმერთო ცა
ავადმყოფი ყვავილები
აი ეს
ყვავილები შენია

უწვიმრად

მიყრუებული ველის სიღრმეში
ზაფხულის სიხარულის დროს
ჭილოფის ლეგიონერები
მოქსოვილნი
გადარჩენილნი
ნათელნი

ომი იქნება მოგვიანებით

***

ანგელოზების ყველა გზა
ესაა გზა შენკენ

***

ანგელოზებს თეთრი ფაფუკი ფრთები აქვთ,
შენ დაინახავ, რომ ის ანგელოზია
როცა ზურგს შეგაქცევს,
როცა უკვე გვიანაა
ესაა ანგელოზების პოლიტიკა

ეზოში თოვს

მოფუსფუსე მეეზოვეების
და ლამაზი ძაღლების სახელები
სახელი შავპალტოიანი ქალის
ასე
მომავალი მეეზოვეების
და ცაში მიმოფანტული ძაღლების სახელები
მისი სახელი
ოღინდ საერთოდ თუა ეს – მისი სახელი
ასე
კიდეც რომ იცოდე
სულერთია
როცა ასე თოვს
მძიმედ, ყრუდ
მძიმედ, ყრუდ
და ზანტად
ვერ გააგონებ

ნაკვალევი

ეს თოვლს ჰგავს
სიბნელეში ჩამოწოლილს
თათების ბანჯგვლიან ნაბიჯებს
სადღაც ნოემბრის დასასრულს
ეს ჰგავს დამტვრეული
ზეწრების სისუფთავეს
ღამე დარჩენილი
დაკუჭული ხელების ბალეტს

განცხადება

ახალგაზრდა მოცეკვავეები
ფულს აკეთებენ
ბავშვებს აჩენენ
აქედან მიემგზავრებიან,
და მთელ ამ დროს ისინი
ლაპარაკობენ
ცეკვავენ
ცეკვავენ
ცეკვავენ

მტკიცება

ღრუბელი
და კიდევ ერთი ღრუბელი
უბრალოდ – ორი ღრუბელი მილის თავზე
ვფიქრობ ასეც არის
უბრალოდ
ღმერთი არის
აქ არიან ანგელოზებიც
ისე უბრალოდ

***

როცა გიყურებს შენ
ანგელოზი, შენ კი თავს იბან
აბანოში შენ არ გჯერა მფარველის
ციდან და ამიტომ
იღიმები ასე,
როცა უკან იხედები
გადაიწევ სველ თმებს
ვისაც არ სჯერა ყველა,
ასე უღიმის
ანგელოზებს.

***

ზეცაში არის ღმერთი
ზეცაში
შემთხვევითი არაფერია
ანგელოზები
ამიტომაც მოფრინავენ აქ
ყველა აქ გროვდებიან – კაფეებში,
მაღაზიებში, მანქანებში, მეტროში
ამ ქალაქში
რომ უყურონ
შემთხვევით ბედნიერებას.


არსებები

ჩვენ ვცხოვრობთ მთვარეზე
მთვარეზე ცხოვრება შეიძლება
გაღვიძებულმა შეიძლება
ფანჯრიდან დაინახო
მთვარის ცხოველები
მოჭმული კუდებით.

***

ტყის იქეთ ველია
ველის თავზე ცა
ქუჩაში თოვლი მოდის
თეთრი, ბოზი
თეთრი

***

ღმერთო,
ვინც სხვათაშორის ცხოვრობს
არ უნდა გარანტია
არ უნდა პირობა
განა ჩვენ გონიერ გადაწყვეტილებებს ველოდით
დიქტატორის შეყვარებული შვილები

***

ჩვენ დავიძინებთ, როცა წამოვა წვიმა
გამოვიღვიძებთ, როცა ჯერ კიდევ იქნება ბნელი
ჩვენ ავდგებით, როცა უკვე წამოვა თოვლი
როცა უკვე იქნება გვიან
როცა უკვე იქნება სულერთი.

***

როცა შენ ხვდები, რომ
სულერთია დაგაგვიანდა
ახლა უკვე მართლა სულერთია
და ჯანდაბას ეს საქმე
შენ
და ყველაფერი, რაც ეხლა ხდება –
ეს ყველაზე ტკბილი სიზმრებია
დილის ანგელოზების

***

შენ ისეთი ლამაზი მხრები გაქვს
ისეთი ლამაზი, სასაცილო სიზმრები
ფრთხილად დააბიჯე
დაეშვი მიწაზე

***

მე არასოდეს მყოფნიდა სიტყვები
ახლა უკვე აღარასოდეს არც მეყოფა
რომ
გითხრა შენ ეს

დილა მშვიდობისა

ეს ნოემბერია. ეს ჩვენ
ისევ ვცოცხლობთ თოვლის მოლოდინში
ეს გაუვალი ნისლი არაფერს ნიშნავს
უბრალოდ ღმერთმა არ იცის, ჩვენ რომ გავიღვიძეთ.

***

შენი ჩურჩული ჩურჩულებს
ისე ჩუმად
თითქოს მდუმარე ანგელოზები
შენზე საუბრობენ

***

როგორი კრებაა ცაში
რა ლამაზი ხარ შენ
რაღაც ანგელოზური მოუსვენრობაა
უცნაურია ქარი.

***

მე არასოდეს შემეძლო მეთქვა
ეხლა უკვე ვეღარასოდეს შევძლებ
გითხრა შენ ეს.

***

საღამოს როცა მზე გამოვა,
როცა მას გამოსდის საღამო
ანგელოზები მოფრინდებიან,
რომ ნახონ
რა ლამაზია შენი
აი, თუნდაც, ხელები

სანაპიროზე

მსუყე სინაზის ზღვაში
საღამო ხანს
უცნაურ რამეებს
ეს მოღალატეები ანგელოზებს ჩასჩურჩულებენ
მასზე,
მაგრამ უფრო მეტს
ერთმანეთზე

***

ეს საღამო იქსოვებოდა სურნელებებით
ყავა, სიგარეტი
და წინ ანგელოზი
ანგელოზების სურნელზე რა ვთქვათ
ყველამ იცის

***

მზის სუნიანი ზაფხულის გოგონები
თამბაქო
და სუნამო
მგონი კელვინ კლაინის
არც ისე ბევრი
უნდათ მოგროვილ ანგელოზებს
მითუმეტეს ღამით ასე ცხელა.

***

ცით გატენილი
შუადღის ანგელოზი
ყურში ჩასჩურჩულებს
ეს შეიძლება
პატარა გოგონებისთვის

***

ჩემი მეგობარი შეშლილია
აპრილიდან მოყოლებული
მოსვრილია ზაფხულის ღრუბლებით

***

როგორ ისვრის ცა მზეს
როცა კეფაში არტყამს
იგი სიტყვით ისვრის
ჩვენ
ასეთი ბედნიერი
უცნაური
სიტყვა

***

ახლა იქნება ახალი დღის დილა
როცა მიწას მოადგება მზე
ისე, როგორც ახლა, მას მოსწყურდება

მარტი

ჰაერი ბორგავდა
მას უღიმოდა თოვლი
ჩუმად
თითქოს პირველად
თითქოს დაღლილობა
ხელში ამიყვანე
გაცრეცილ ჯინსებიანო ცაო

***

ტკივილის უფრო ეშინიათ
ტკივილს იშვიათად გრძნობენ
ტკივილს აყენებენ ადვილად
ასე ამბობენ ჩვენზე ცის ანგელოზები

აღდგომა

მთელი ვნების კვირაში თივას წვავენ
მალე ჩაიცვი,
ჩაიცვი ღია ფერის,
ეს ისევ მოხდება დღეს
ამ დღეებში
მოსკოვში იმდენი მთვრალია
იმდენი მილიცია

ჭექა-ქუხილის დასასრული

სიზმარეული შეშლილები
და შეშლილი მოჩვენებები
ეწებებიან მინას
რომლის მიღმაც გაზაფხული
თავსხმაში
ზფხულად იქცევა

***

ანგელოზები
27 დღეა,
დაოთხილი
დაათრევენ ცაზე
მისი
ზაფხულის ღრუბლებს

ზაფხული სოფელში

ვწევარ და ვხედავ
მინდორი, როგორ
იქცევა ცად
როგორ გაება შიგ რქებით
ძროხა ყველა თავისი მწერით

აფრიკა

არაფერია გარდა მზისა
და ქალისა თეთრი კაბით
ამ დღეს
ცხელი ზაფხულიდან
ლურჯ ღვთაებამდე

ქალაქის თავზე

თეთრი ძაღლივით
მოიკუნტა ცაში
ამოსვრილი მთვარე

ქალაქის თავზე – 2

უსახლკარო თეთრი ძაღლივით
ცაზე გაიღვიძა მთვარემ
ქარი არ ყმუოდა
ქარი არ ტიროდა
ძაღლი წკმუტუნებდა

***

ვინ როგორ იცის
სანამ თოვლი მოდის
რა გემართება შენ
ამ დილით

***

ჩურჩულებს მისი ჩურჩული
არა
ნუთუ ის ისევ ცოცხალია
ნუთუ ყველაფერი ასეც იქნება

***

ისინი იცინიან
ანგელოზებზე ჭორაობენ
ცამეტი წლის გოგონები
იმას, რაც თვითონ არ იციან ლაპარაკობენ
ყოველთვის
სიცილით.

***

დილის ცით
მაგარი მდუღარე
პირდაპირ თვალებში შეასხა
ხატზე მომწყვდეულმა ბიჭმა

ჰეროინი

ორი თეთრი ლაქა
ორი დაქაჩული თვალი
ფერფლით გამოძერწილ გაფხეკილ სახეზე
ის ზის პარკში სკამზე
მუქ სინათლეში
თაბაშირის კაბაზე
დაწყობილი ხელები დახვრეტილი კანით.
საავადმყოფოს პალატისფერი ხეივანი
არც იმდენი ხე,
რამდენიც მათი კვალი
შენ უყერებ ამას
და ამდენი წელი
ფიქრობ, ცა შავია?
შენ ცდები, ცა არ არის

ჩინეთი

ქაღალდზე ჯვრით აღნიშნული ადგილი
აი ჩვენი მიზანი
დავხატოთ ჩვენი გზა
აღვწეროთ მიმართულების მდგომარეობა
ჩვენს გამარჯვებებზე მოვუთხროთ
სულერთია მაინც არსად წავალთ

ახალი წელი

გაიზარდა ბამბუკი, რომ დაგრიხოს თოკები
გაიზარდნენ კეთილი ეშმაკები და ვეფხვები
გაიზარდნენ ბავშვები
ფეიერვერკების ღამეს
თამაშს დაიწყებენ ასანთით

***

გამოჯანმრთელებული ბავშვები
ცაში უშვებენ ქაღალდის გველს,
მათ არ იციან,
რომ გაიგონა
დაიჯერა რა დაწებებული ფრთების შრიალი
შორეული მთებიდან
მის შესახვედრად
აფრინდა უზარმაზარი ლურჯი დრაკონი
ყვითელ ცაში.

***

28 აპრილს
საავადმყოფოს ეზოში
მტვრიანი მზის სურნელში
შეხვდნენ ბნელი ანგელოზები

***

კმარა მოქმედება
მარტში ჩართული
ესაა ყველაფერი რაც შეიძლება სიტყვებით დატოვო
ესაა ყველაფერი რაც შეიძლება დატოვო
ესაა ყველაფერი რაც შეიძლება

***

გაღვიძებულებს უჭირთ ადგომა
როგორც სიტყვებად დარჩენა სიტყვებს
სიყვარულზე ნათქვამს
წამოკიდებულს ერთს მეორეზე
როგორც ჩვენ ყველას
ამ დილის გადატანა

დილა

ეს
შავი მინებია
თუ
ცაზე ჩაქცევები

***

უბრალოდ ცუდი მეხსიერება
უბრალო ნოემბრის დღე
როცა
ყველა ქუჩის ხალხი
ყველა სიტყვა ხალხისთვის
იქ ნოემბერში
ყველა ერთნაირია
ყველა დღეები
ყველა სიტყვები
ყველა უცხოა

***

როგორი უცნაურია
და უფერო
ნუთუ სიზმარს ვხედავ

***

გრძელ გზას შემოდგომაზე
გადის წვიმა
და გადის შემოდგომაც

***

ყველა ამბავი ანგელოზებზე
ყველა სიტყვა, მათი სიტყვებიც
რა თქმა უნდა არაა მართალი
ეს საერთოდ არცაა სიტყვები
საქმე ისაა,
რომ ანგელოზებს
არაფერი აქვთ ზურგს უკან
რა თქმა უნდა ფრთების გარდა

***

ბავშვები ხატავენ
ღმერთის გაკეთებულ
ცისარტყელას ნატეხს
იგი გამოჩრილია
სამსართულიანი სახლის
გაცვეთილ მილში
მათ არ იციან, როგორ უნდა
ისინი ყველაზე უკეთესად დახატავენ
ამ ნათელ დღეებს
სექტემბრის
უკანასკნელ დღეებს

მისამღერი

ყველაფერი ეს იყო
ყველაფერი ეს იყო
ყველაფერი ეს დნება,
როგორც თოვლი

კარგი ნიშანი

სუფთა ტალღები დაეცა ქვებს
წყალში ჩავარდა მსუბუქი სხეული
წყალი ცოცხალი, სხეული თბილი
ქვები ძალიან ძველი

***

საქმე ისაა, რომ ანგელოზები
არავის არასოდეს კარგავენ
არასდროს ლაპარაკობენ წარსულზე,
აი ასე დაფრინავენ
ცაში
გზის განურჩევლად

სიცოცხლე

მთავარია,
რომ
კიდევ არის ერთი ადამიანი
და კიდევ არის დრო
კიდევ არის დრო
კიდევ არის დრო
კიდევ არის დრო

***

ჩამოცვენილი ხიდების ფერხულში
მათ არ ეშინიათ ფრენის
და ისინი არ დაფრინავენ
აი რას ამბობენ ჩვენზე ცის ანგელოზები

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s